რას და როდის ვჭამთ და როგორ უნდა ვჭამოთ ?
 

-

რას - როგორ - და როდის ვჭამთ? და რა - როგორ და როდის უნდა ვჭამოთ!


გვიფიქრია ოდესმე„ სრული სერიოზულობით", იმის თაობაზე, თუ რას ვჭამთ საუზმეზე, სადილზე, ვახშამზე, ან იმის შესახებ, თუ რა სახის საკვებს ვხმარობთ ან და რომელის გამოყენებაა უფრო სასარგებლო ზამთარში, გაზაფხულზე, ზაფხულში, შემოდგომაზე და ზამთარში?


ყოველივე ეს ხომ ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისათვის და ზოგადად ჯანმრთელობისთვის! ხოლო დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად ალბათ, პირველ რიგში, საჭიროა მოვახდინოთ საკუთარი თავის იდენტიფიცირება - ანუ ადამიანთა რომელ ფსიქოტიპს უნდა მივაკუთვნოთ საკუთარი თავი.


„ტოროლასთვის", რომელიც გამთენიისას იღვიზებს და მუდამ ეჩქარება საქმიანობის დაწყება, საუზმეც ძალიან საჩქრო და ნაკლებად საყურადღებო საქმეა - ეს შეიძლება იყოს ერთი ფინჯანი ყავა, იმის განურჩეველად თუ რა სენდვიჩთან მიირთმევს ტოროლა მას! ან თუნდაც ფაციფუცში მირთმეული"შიშველი ყავა" ყოველგვარი დასაყოლებლის გარეშეც! რაც, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად დაუშვებელი, უფრო მეტიც, უპასუხისმგებლო და მიუღებელია კვებასთან და ორგანიზმის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან მიმართებაში.


„ბუსთვის", რომელიც, როგორც წესი, შუაღამეს ან გამთენიისას იძინებს, საუზმის შემადგენლობა შეიძლება სერიოზული დაფიქრების საგანსაც კი წარმოადგენდეს, ზოგჯერ კი გადაწყვეტილება საუძმის მენიუ მყარად დამკვიდრებულ ტრადიციასაც ემყარებოდეს. ის უფრო მეტი პასუხისმგებელობით ეკიდება საკვების მიღებას, რაც უკავშირდება მისი ცხოვრების რეჟიმის დროში გადანაცვლებას და მისართმვი პროდუქტების პირად უპირატესობებს.


ამასთან, მოდით კვების პრობლემას ოდნავ უჩვეულო კუთხითაც შევხედოთ - მაგალითად, ექსტროვერტები უფრო ტრადიციულები არიან როგორც კვების განრიგში (მათთვის ჩვეულია ყოველდღიური სამჯერადი კვება - საუზმე, სადილი და ვახშამი), ასევე პროდუქტების ასორტიმენტშიც.


ხოლო ინტროვერტებისთვის ექსტროვერტების სამყაროს მოთხოვნათა დაკმაყოფილებაც კი უკვე რთული ამოცანაა, ამიტომაც ფიზიკური შიმშილის განცდა მათთვის მიუღებელია და არც არის დამახასიათებელი. ინტროვერტების ფსიქოლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ განუწყვეტლივ სჭირდებათ „ენერგეტიკული დამუხთვა", ანუ დღის განმავლობაში ენერგიის მუდმივი შევსება და მათი საკვები პროდუქტების ასორტიმენტი შეიძლება იყოს ძლზე ფართო და მრავალფეროვანი. ამავდროულად, ინტროვერტის უმეტესი ნაწილი აზიზი მჭამელია, პრეტენზიულია საჭმელი პროდუქტების მიმართ. გარდა ამისა, ისინი, როგორც წესი, ყურადღებით უსმენენ საუბრებს და რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ რა სახის საკვებია აუცილებელი და სასრგებლო ორგანიზმისთვის.


ზოგადად კი, დილის კვება წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია ადამიანთა ყველა ფსიქოტიპისთვის, რადგან კალორიების დღიური ნორმიდან გამომდინარე საუზმე 25-30%-თ უზრუნველყოფს ორგანიზმს ენერგიით. თუმცა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებობს მცდარი მოსაზრებაც, რომ, თურმე, საუზმის გამოტოვებით შეიძლება წონაში დაკლება, რაც საერთოდ არ შეესაბამება რეალობას.


დილაობით საკმარისი რაოდენობის ნახშირწყლების მიღების შედეგად ადამიანი ახდეენს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას, რაც ხელს უწყობს დღის განმავლობაში მადისა და დაუშვებლად ჭარბი ჭამას რეგულირებას. ამერიკელმა დიეტოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად და ყოველდღე საუზმობენ, სიმსუქნის ალბათობა ერთი მესამედით უფრო დაბალი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც არღვევს კვების რეჟიმს.


დიეტოლოგების უმეტესობის აზრით, საუზმისათვის იდეალურ საკვებსა და პროდუქტებს შეიძლება წარმოადგენდნენ:
• ფაფა (შვრიის, წიწიბურის, ქერის, ფეტვისა) - რომელიც უნდა მოიხარშოს წყალში ან რძეში, მაგრამ უშაქროდ. ამ სახის ფაფა დიდი რაოდენობით შეიცავს სასრგებლო (ნელ) ნახშირწყლებს, რომლებიც სწრაფად აჯერებენ კუჭს და ის გვეხმარება იმაში, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ ვიგრძნოთ შიმშილი.
• კვერცხი. საყვარელი კერძების მრავალფეროვნებაში (ომლეტი,ჩახლილი ერბო-კვერცხი, კვერცხი - პაშოტი და ა.შ.), რომელიც შეიცავს ბევრ ვიტამინს და მინერალს.
• მუსლი, რომელიც უმჯობესია შეზავდეს უცხიმო იოგურტით ან რძით.
• ცეხვილი (ან მთლიანი მარცვლის ფქვილის) პური, რომელიც შეიძლება მიირთვათ ნებისმიერ სენდვიჩთან ერთად სოუსების ან მაიონეზის გარეშე, ისეთი პროდუქტებით, როგორიცაა ყველი, ოდნავ დამარილებული წითელი თევზი ან ინდაურის ლორი.
• რძის პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმს უამრავ საკვებ ნივთიერებას, D ვიტამინს, კალიუმს და კალციუმს აწვდიან. თუ წონაში დაკლება გსურთ, უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ უცხიმო პროდუქტს.


რაც შეეხება სადილს, ის უნდა იყოს - ნოყიერი, მსუყე, ნახშირწყლებით, ცხიმებითა და ბოსტნეულით არსავსე. ხშირად ყველას გვეშინებენ ნახშირწყლების ჭარბი მოხმარებით. ჭარბი, რა თქმა უნდა, ყველაფერი მიუღებელია, მაგრამ ძალიან ნუ შეგეშინდებათ ნახშირწყლების - ეს ხომ ჩვენი ენერგია, ძალა, ტონუსი, საჭმლის გაუმჯობესებული მონელება, ფუნქციონირებადი ნაწლავები და სრულფასოვანი კანიც კი. ცილები დიდი ან მცირე თანაფარდობით შეიძლება იყოს ან არ იყოს შეტანილი სადილში - ეს ყოველდღიურ დიეტაში თქვენზეა დამოკიდებული.


ხოლო ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლა (The Harvard T.H. Chan School of Public Health) აცხადებს, რომ „ჯანსაღი/ჯანმრთელი" თეფში დაახლოებით 50% - თ შედგება ხილისა და ბოსტნეულისგან, 30%-თ ცილოვანი საკვებისგან და დარჩენილი 20% - მთლიანი მარცვლეულის პროდუქტებისგან.
რა თქმა უნდა, კვების პროდუქტების ასორტიმენტი საუზმეზე, სადილზე და ვახშამზე შეიძლება განსხვავდებოდეს ჩრდილოელებსა და სამხრეთელებში, აგრეთვე სხვადასხვა ასაკის ადამიანებშიც, მათი საცხოვრებელი ადგილისა და ფესვგადგმული ტრადიციების გათვალისწინებით. თუმცა, დიდი ალბათობით, ეს უფრო ახლო წარსულს შეიძლება მივაწეროთ, რადგან გლობალიზაციის პროცესმა და ე.წ გლობალურმა საკვებმა საგრძნობლად წაშალეს საზღვრები, რომლებიც ამ მხრივ მანამდე არსებობდნენ.


მიუხედავად ამისა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, მაგალითად, იმპორტისთვის ბოსტნეულის და ხილის მოყვანა მოითხოვს მეტ სასუქებს, ქიმიურ ნივთიერებებს და სითბოს. და მათ მოსავალს იღებენ მოუმწიფებლად, ამიტომაც ისინი საჭიროებენ სპეციალურ დამუშავებას, რათა გაუძლონ ხანგრძლივ ტრანსპორტირებას. მაგალითად, კონტეინერებში ტუმბავენ ეთილენისა და აცეტილენის აირებს, რაც ხელს უწყობს ხელოვნურ მომწიფებას. ლოგიკურია, რომ ამ პროდუქტების გემო განსხვავებული იქნება იმ პროდუქტებისგან, რომლებიც გუშინ სრულად მომწიფებული დაამზადეს და დღეს უკვე თქვენ სუფრაზეც კი მოგართვეს.


ამიტომ, ეჭვგარეშეა, რომ უმეტეს შემთხვევაში ლოკალური (ანუ ადგილობრივი), სეზონური, ცოცხალი (ანუ ახალი) პროდუქტის გემო იმარჯვებს სათბურში ხელოვნურად წარმოებული ან შორეულიდან ჩამოტანილი პროდუტების გემოსთან შედარებით. .


ჩვეულებრივ ადგილობრივი, მ.შ. და სეზონური პროდუქტი უფრო მაღალი კვებითი ღირებულებისაა, ვიდრე ის, რასაც სეზონის გარეშე ვჭამთ. რადგან მოსავლის აღების შემდეგ (ეს ეხება სათბურებსაც) და მაღაზიაში ან რესტორანში ტრანსპორტირების შემდეგ, ყოველი მომდევნო დღისთვის, სეზონურ პროდუქტებში საკვები ნივთიერებების რაოდენობა სწრაფად მცირდება. მაგალითად, ისპანახი საშუალო ტემპერატურაზე მაცივარში 7 დღის განმავლობაში შენახვის შედეგად კარგავს C ვიტამინის 75%-ს და B1 ვიტამინის 13%-ს. მსგავსი პროცესი მიმდინარეობს ყველა სხვა არასეზონურ პროდუქტშიც.


არ გაგიკვირდეთ, მაგრამ ლონდონელმა მეცნიერებმა ჯერ კიდევ 2007 წელს ჩაატარეს კვლევა და დაადასტურეს, რომ რძესაც კი სეზონური მახასიათებელი გააჩნია, რადგან როგორც გაირკვა, ზაფხულში ძროხების პროდუქციის ხარისხი გაცილებით უკეთესია, ვიდრე ზამთარში მიღებულისა. ხოლო იაპონელი ექსპერტები, მაგალითად, ამტკიცებენ, რომ ზაფხულში მოყვანილი მწვანილი შეიცავს უფრო მდიდარ ვიტამინურ შემადგენლობას, ვიდრე ზამთარში მოყვანილი.
რადგან სეზონურობას შევეხეთ, მოდით განვიხილოთ სეზონური საკვების მნიშვნელობის საკითხი ჩინური მედიცინისა და აიურვედას ფილოსოფიისა და ხედვის გათვალისწინებით.
მაგალითად, ჩინური მედიცინის მიხედვით, ყოველ სეზონს შეეფარდება სხვადასხვა პროდუქტი და სასარგებლო ნივთიერებები, რომლებიც აძლიერებენ ჩვენს ჯანმრთელობას. ასე, ძველი ჩინური სწავლების შესაბამისად, შემოდგომა დაკავშირებულია სასუნთქ სისტემასა და კანთან. ცივი ამინდის მოსვლასთან ერთად, ჩვენ უფრო მეტად ვავლენთ მიდრეკილებას ცხვირის, ყელის და ფილტვების დაავადებების მიმართ. ამ სახის დაავადებების თავიდან ასაცილებლად ჩინელი მკურნალები გვირჩევენ შემოდგომაზე პროდუქტების ასორტიმენტში შევიტანოთ მეტი მჟავე გემოს მქონე ხილი, ისეთი, როგორიცაა ვაშლი, ლიმონი და გრეიფრუტი. ჯერ კიდევ უძველეს დროში ისინი ზუსტად განსაზღვრავდნენ თარიღს, რომლის შემდეგადაც უნდა დავიწყოთ ამ საკვების აქტიური მირთმევა, კერძოდ კი, სექტემბრის ბუნიობის შემდეგ.


კვების სეზონურობის კიდევ ერთი მაგალითი - აღმოსავლეთში შემოდგომაზე ასევე რეკომენდებულია ახალი სალათებიდან გაროიანი, მსუყე სუპებსა და მოშუშულ ხორცზე გადასვლა. შემოდგომაზე ასეთი კერძები აძლიერებენ იმუნურ სისტემას და ამზადებს ორგანიზმს ზამთრისთვის.


შემოდგომაზე და ზამთარში - ორგანიზმის მთავარი ამოცანაა ცილების და ცხიმების შენარჩუნება. ამიტომ, შემოდგომისა და ზამთრის ცივ დღეებში ორგანიზმს ესაჭიროება მეტი საკვები, რომელიც მდიდარია ნუტრიენტებით. შემოდგომა-ზამთრის სეზონში ორგანიზმი ითხოვს უფრო გაჯერებულ, გაროიან სუპებს, ნიგოზს/თხილებს, ბურღულეულს, ცილას ხორცისა და თევზის სახით. ყველა ეს პროდუქტი აუცილებელია სითბოს შესანარჩუნებლად.


სხვათა შორის, თუ გავაანალიზებთ სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ნაყოფის მომწიფების დროს, ირკვევა, რომ ბუნებამ უკვე იზრუნა, რომ შემოდგომაზე და ზამთრისთვის შემოსული ბოსტნეული ზუსტად ყველაზე შესაფერისი ქიმიური შემადგენლობისაა, მდიდარია ბოჭკოებითა და ნახშირწყლებით, რომლებიც გვმატებენ ენერგიას და ხელს უწყობენ ჩვენი სხეულის სწრაფ დათბობას და გაჯერებას.


გაზაფხული - ორგანიზმის გაწმენდის დროა, როდესაც თავად ბუნება უბიძგებს ადამიანს მოიხმაროს დაბალი ცხიმიანობის, მაგრამ ქლოროფილის მაღალი შემადგნლობის საკვები.ამ ტიპის საკვები ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას და ნაწლავის სწორი მიკროფლორის აღდგენას, რაზეც თავის მხრივ დამოკიდებულია იმუნიტეტი. საგაზაფხულო მენიუ უნდა ეფუძნებოდეს ცოცხალ მწვანილსა და წვნიან ბოსტნეულს, მდიდარს შესაბამისი ქიმიური შემადგენლობით. და ეს საშუალებას აძლევს ორგანიზმს სწრაფად აღადგინოს ზამთრის პერიოდში დაკარგული ვიტამინები და მინერალები.


გარდა ამისა, ტრადიციული ჩინური მედიცინის მიხედვით, გაზაფხულზე უნდა მიირთვათ მომწარო გემოს მქონე მწვანილი, როგორიცაა კრეს-სალათი ან ვარდკაჭაჭა, რადგან ისინი ხელს უწყობენ სისხლის გაწმენდას და მთელი ორგანიზმის დეტოქსიკაციას. ეს საკვები არა მხოლოდ ასუფთავებს სისხლს, არამედ აუმჯობესებს ღვიძლის მოქმედებას. გაზაფხულის თვეებში კარგია მწვანე ბოსტნეულის, ფოთლოვანი მწვანილის, ნაზარდი ნაზი ყლორტების და სეზონური კენკრის მირთმევა.
ზაფხული - ეს, რა თქმა უნდა, ის დროა, როდესაც მენიუ სავსეა სხვადასხვა სახის ახალი კენკრით, ხილით, ბოსტნეულით, მწვანილებით, რომლებიც წარმოუდგენლად მდიდები არიან სასარგებლო ნივთიერებებით. სწორედ ამ დროს სეზონური მენიუ საშუალებას გაძლევთ მაქსიმალურად გააჯეროთ ორგანიზმი მისთვის საჭირო ყველა სასარგებლო კომპონენტით. ამასთან ერთად, ზაფხული - ჰიდრატაციის და ენერგიის შევსების პერიოდია.


ბუნებაში უხვადაა წარმოდგენილი წვნიანი ნახშირწყლების სავსე პროდუქტები, როგორიცაა ხილი და ბოსტნეული, რომლებიც ატენიანებენ ორგანიზმს და გვეხმარებიან მის გაგრილებაში. ზაფხულში სეზონური პროდუქტები ხელს უშლიან ორგანიზმის გადახურებას და დეგიდრატაციას (გაუწყლოებას). მაგრამ, მაგალითად, ვაშლის დრო მოდის ზაფხულის მეორე ნახევარზე და შემოდგომის დასაწყისზე. ის მდიდარია ბოჭკოთი, რომელიც ასუფთავებს ნაწლავებს და ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ამზადებს ორგანიზმს შემოდგომისთვის - ვირუსებისა და გაციების სეზონისთვის.


ეჭვგარეშეა, რომ ყოველი სეზონი გთავაზობთ უამრავ შესანიშნავ პროდუქტს, ექსპერიმენტების და დიეტის ასორტიმენტის დივერსიფიკაციის შესაძლებლობას.
ჯანდაცვისა და მედიცინის მრავალი ექსპერტი თანხმდება იმის თაობაზე, რომ ადგილობრივი და სეზონური პროდუქტები წარმოადგენენ სასარგებლო ნივთიერებების, ვიტამინების, მინერალებისა და ფერმენტების ძალზე ღირებულ წყაროს, რაც აუცილებელია ორგანიზმის სათანადო ფუნქციონირებისთვის. ხოლო ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ სეზონურ საკვებზე დაფუძნებული დიეტა საუკეთესო საშუალებაა საკვების აუტანლობის, ალერგიის, სიმსუქნის, მე-2 ტიპის დიაბეტის და სხვა ქრონიკული დაავადებების თავიდან ასაცილებლად.


და ბოლოს - ამ პუბლიკაციის რეზიუმეს სახით:


რა თქმა უნდა - უპირატესობა კვების რაციონში, განსაკუთრებით გლობალური პროდუქტების მოსალოდნელი დეფიციტისა და გაძვირების პირობებში, აუცილებლად უნდა მიენიჭოს ლოკალურ, ანუ ადგილობრივ, სეზონურ, ცოცხალ, ნატურალურ პროდუქტებს!
ამავდროულად, ჭამისადმი ფუნდამენტალურად მნიშვნელოვან მიდგომაში, კვლავ უცვლელი რჩება და უნდა გამოვდიოდეთ კლასიკური ინგლისური ანდაზის ფორმულირებიდან:


Breakfast like a king, lunch like a queen and dinner like a pauper. ანუ -
ისაუზმე მეფესავით, ისადილე დედოფალივით, ხოლო ივახშმე გლახაკი - ღარიბივით.
ან შეიძლება ითქვას სხვაგვარადაც:
საუზმე - მიირთვი თავად, სადილი - მეგობართან, ვახშამი - დაუთმე მტერს.
უკან
ზარები საქართველოში:  +995 577 722 709, + 995 571 333 881/ საერთაშორისო ზარები Viber, WhatsApp  + 995 571 333 881
Write Close