რას წარმოადგენს ის და რატომ იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას?
რა არის Foodsharing- ი?
Foodsharing (ინგ.food - "საკვები", sharе - "გაზიარება") არის მოძრაობა, რომლის მონაწილეები აძლევენ ან იღებენ საკვებს უფასოდ. როგორც წესი, საუბარია ჭარბ პროდუქტზე, რომელსაც ზოგჯერ მოკლე დროში უსრულდება მოხმარების ვადა. მაგრამ საუბარია არა უვარგის ნარჩენებზე და არა რაიმე გაფუჭებულ პროდუქტებზე.
ფუდშერინგი, როგორც მოძრაობა უკვე 10 წელზე მეტი არსებობს.
რა თქმა უნდა, ადამიანები ყოველთვის უზიარებდნენ საკვებს ერთმანეთს. მაგრამ, როგორც მოძრაობა და იდეოლოგია, საკვების გაზიარება დაიბადა 2012 წელს გერმანიაში. მის დამფუძნებლებად შეიძლება მივიჩნიოთ ორი ეკო-აქტივისტი: ჟურნალისტი ვალენტინ ტურნი, რომელმაც გადაიღო ფილმი საკვების ნარჩენების შესახებ და რაფაელ ფელმერი, რომელმაც საკუთარ თავზე ჩაატარა ექსპერიმენტი და ხუთი წლის განმავლობაში იკვებებოდა უფასოდ.
რატომ გასცემს ვინმე საჭმელს? ამ ქცევის მიზეზი შეიძლება რამდენიმე იყოს:
1. ეკოლოგიაზე (გარემოზე) ზრუნვა
თავდაპირველად, საკვების გაზიარება დაიბადა, როგორც გარემოსდაცვითი, ეკოლოგიური მოძრაობა. მარტივად რომ შევხედოთ პრობლემას, შესაძლოა ვიფიქროთ - რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ბუნებას საკვების ნარჩენმა? ის ხომ ორგანიკას წარმოადგენს და სწრაფად იშლება, არ აბინძურებს ნიადაგს, არ წამლავს ზღვებს, არ კლავს ცხოველებსა და მცენარეებს. მიუხდავად ამისა, ორგანული ნარჩენი ასევე შეიძლება იყოს საშიში. ნაგავსაყრელებზე ეს ნარჩენი სხვა ნაგვის ქვეშ დევს და ჟანგბადის არარსებობის შემთხვევაში წარმოიქმნება მეთანი და წყალბადის სულფიდი. ორივე ეს ნივთიერება კი ტოქსიკურია ცხოველებისა და ადამიანებისთვის.
გარდა ამისა საკვების წარმოებაზე იხარჯება უზარმაზარი რესურსი. მაგალითად, 1 კილოგრამი მარცვლეულის მოსაყვანად საჭიროა 1,5 ტონა წყალი.
ჯამში კი მტკნარი წყლის მთელი მოცულობიდან, რომელსაც იყენებს კაცობრიობა, დაახლოებით 70% სოფლის მეურნეობაზე მიდის. ამასთან, კვების მრეწველობა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა, აბინძურებს გარემოს და ზრდის ნახშირბადის კვალს. თუ ჩვენ უბრალოდ გადავყრით კარგ საკვებს და ვალპობთ მას ნაგავსაყრელზე, მაშინ მრავალი რესურსი უაზროდ იხარჯება.
2. მშიერებისთვის დახმარების გაწევის სურვილი
რა თქმა უნდა, შეუძლებელია მშიერ აფრიკელი ბავშვებისთვის ჩვენი ბებოს ბაღიდან ზედმეტი პომიდვრის ან იმ ოთხი ღვეზელის გაგზავნა, რომლებიც კულინარიული მონდომებით გამოაცხვეთ, თუმცა ვერ შეჭამეთ. ამ დახმარებისთვის არ არის საჭირო შორს გამგზავრება, არის სხვა გამოსავალიც.
3. გონივრული მოხმარებისკენ სწრაფვა
საკვებზე იხარჯება ფული და დრო და უბრალოდ დაუშვებელიცაა მისი გადაყრა. თუ ერთ ადამიანს არ სჭირდება ეს კონკრეტული საკვები, ის შეიძლება გამოადგეს სხვას.
ვინ ღებულობს და აგროვებს სხვის გამოუყენებელ საჭმელს?
რა თქმა უნდა - ესენი არიან ფუდშერინგული მოძრაობის მოხალისეები, ვოლონტიორები. ისინი საკუთარ თავს უწოდებენ საკვების დამზოგველებს - ფუდსეივერებს, რომლებიც ღებულობენ საკვებს სხვა ადამიანებისგან და კომპანიებისგან და აწვდიან მათ, ვისაც ეს სჭირდება: საღარიბის ზღვარზე მყოფთ, აგრეთვე ქველმოქმედ ორგანიზაციებს. გადარჩენილი პროდუქტებისგან აქტივისტები ასევე ამზადებენ უფასო სადილებს.
როგორ შევუერთდეთ ფუდშერინგულ მოძრაობას?
1. არ გადაყაროთ ვარგისი საკვები
ეს ყველაზე მარტივი რამ არის, რის გაკეთებაც შეგიძლიათ. თუ გაქვთ პროდუქტი, რომელიც არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც შესაფერისია საკვებისთვის, შეგიძლიათ განათავსოთ ცნობა საკვების გაზიარებისთვის მიძღვნილ ჯგუფებში ან ლოკალურ, ადგილობრივ თემებში.
სავსებით შესაძლებელია, რომ გიპასუხებენ და წაიღებენ საჭმელს. ოღონდ მოიქეცით სრული პასუხისმგებლობით სხვების მიმართ: არ გასცეთ გაფუჭებული და საეჭვო პროდუქტები. უმჯობესია გადაყაროთ გაყინული ხორცი, უკვე გახსნილი რძის ბოთლი ან არაჟნის ქილა.
მათ აქვთ ძალიან მოკლე შენახვის ვადა, რომელიც შეიძლება ამოიწუროს იმ დროისთვის, როდესაც საკვები მიაღწევს სხვა ადამიანის მაგიდაზე. ძირითადად ხალხი აბარებს ჩაის, ყავას, ტკბილეულს და ფუნთუშებს, პურს, მარცვლეულს, ხილსა და ბოსტნეულს.
2. შეგიძლიათ გახდეთ მოხალისე
იპოვეთ საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც კვებავენ გაჭირვებულებს. ...
3. შეგიძლიათ გახდეთ პარტნიორი
თუ თქვენ ხართ რესტორნის, კაფეს, სასადილოს, თონეს, სასურსათო მაღაზიის, საკვების საწარმოს მფლობელი და გრჩებათ ჭარბი საკვები, შეგიძლიათ მიმართოთ ფუდსეივერებს, ქველმოქმედ ორგანიზაციებს. ისინი მიიღებენ და შეაგროვებენ თქვენს სასურსათო ნარჩენებს და გადასცემენ საქველმოქმედო ორგანიზაციებს ან უშუალოდ ღარიბებს.
აგრეთვე შეგიძლიათ იდეის პოპულარიზაცია
განუმარტეთ სხვებს საკვების გონივრული მოხმარების საკითხები და კარგი საკვების უაზრო ხარჯვის მნიშვნელობის შესახებ. თქვენ დასახლებულ პუნქტში იპოვეთ ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც მზად არიან გაუზიარონ დარჩენილი საკვები და გაუგზავნონ ისინი გაჭირვებულებს. შექმენით ადგილობრივი, ლოკალური ჯგუფები,მათი ქსელი, მოიზიდეთ მოხალისეები და პარტნიორები.
და ერთი ფრიად მნიშვნელოვანი რამ: რით განსხვავდება ფუდშერინგი ფრიგანიზმისგან?
ფრიგანიზმის მიმდევრებს ფუნდამენტურად არ სურთ იყვნენ სამომხმარებლო საზოგადოებისა და თანამედროვე ეკონომიკის ნაწილი. ისინი თავს არიდებენ კორპორაციების მხარდაჭერას და საერთოდ არ იძენენ საკვებს: იღებენ მას სუპერმარკეტებთან ან მრავალბინიან კორპუსებთან ახლოს მდებარე ნაგავსაყრელებიდან, ჭამენ ვადაგასულ პროდუქტებს, იყენებენ გამყიდველების უხარისხო და არაკონდიციურ საქონელს.
ისინი ეძებენ საკვებს მხოლოდ საკუთარი თავისა ან ოჯახისთვის, არ ეწევიან ქველმოქმედებას, არ ამჟღავნებენ არავითარ სხვა აქტივობას (ყოველ შემთხვევაში, საკვებთან დაკავშირებულს).
მზია გიგუაშვილი