კორონავირუსი და კვების რაციონი - მითები თუ სიმართლე?


მოულოდნელად, ყოვლად უეცრად, მაგრამ არა ისე, როგორც მარტის თვის თოვლი, არამედ როგორც ყოვლის დამანგრეველი და გამანადგურებელი გრიგალი ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრა აქამდე უცნობი, მაგრამ ძალზე მზაკვრული კორონავირუსი. და როგორც ნებისმიერი - შეუცნობი და აუხსნელი, თითქმის კატასტროფული მოვლენა ან ფენომენი იგი მასმედიისა და ინტერნეტ რესურსების მიერ შეფერადებულ იქნა შთამბეჭდავ აპოკალიფსურ ფერებში, რამაც დასაბამი მისცა ნაირგვაროვან მითებსა და ლეგენდებს - მისი წარმოშობის, დამაქცეველი შედეგების, აგრეთვე ყველაზე ფანტასტიკური, ვითომცდა ხალხური მკურნალობის მეთოდების, ამულეტების, თილისმების და, თუნდაც, კვების რაციონის შეთავაზების თაობაზე.


ამ ჩამონათვალიდან გთავაზობთ ყურადღების გამახვილებას მხოლოდ ერთ ასპექტზე, რომელიც უკავშირდება კვების რაციონსა და გაუმართლებელ დიეტებს. პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ინტერნეტ-მითების გავრცელების მიუხედავად, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რომელიმე სასწაულებრივ პროდუქტს შეუძლია თავიდან აგვაცილოს ან განკურნოს, მაგალითად, კარონავირუსით გამოწვეული დაავადება.


ამავდროულად, ექსპერტების აზრით, ნებისმიერი დაავადების დაძლევის პროცესში ადამიანის ორგანიზმის ფოკუსირება ხდება გარე და შიდა პათოგენების წინააღმდეგ ბრძოლასა და ლეიკოციტების გამომუშავებაზე, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ამ პერიოდის განმავლობაში. ხოლო სათანადო და სწორი კვება უდავოდ ხელს უწყობს ამ ბრძოლას და უზრუნველყოფს ორგანიზმს იმ კომპონენტებით, რომლებიც ემსახურებიან წინააღმდეგობის გაწევის ზრდას. მაგრამ თუ კვებას შევზღუდავთ ნებისმიერი დაუსაბუთებელი ან გაუმართებელი ხისტი დიეტით, ეს ხელს შეუწყობს ორგანიზმის მგრძნობელობას ნებისმიერი ვირუსის მიმართ და გაზრდის დაავადების გამოვლინებებს.


დიეტოლოგების აზრით, სასურველია, რომ საკვები არა მხოლოდ ეპიდემიების დროს, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც უნდა იყოს სრულყოფილი, შეიცავდეს ცილებისა და სასარგებლო ნივთიერებების წყაროს, და ეს შეიძლება იყოს ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ხორცი, თევზი, ქათმის კვერცხი, რძის პროდუქტები, ლობიო, ბოსტნეული, ხილი, წმინდაჯიშიანი მარცვლის პროდუქტები, პური, ბრინჯი და მარგებელი ცხიმები, ნიგოზი, ზეითუნის ზეთი და ა.შ.
საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ხორცი არის რკინის, თუთიის და B ჯგუფის, პირველ რიგში B1, B2, B12, PP ვიტამინების და სასარგებლო ცილების წყარო, რაც ესაჭიროება ორგანიზმს ჰორმონების სინთეზისთვის, აგრეთვე ქსოვილებსა და იმუნური ცილების - ანტისხეულების შესაქმნელად, რომლებიც ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ორგანიზმის დაცვაში ბაქტერიების, ვირუსებისა და უჯრედგარეშე პარაზიტებისგან.


ასევე ცნობილია, რომ თევზი, მაგალითად, ორაგული, ქაშაყი, ტუნა, სკუმბრია, სარდინი დიდი რაოდენობით შეიცავენ ომეგა -3 მჟავებს, რომლებიც უზრუნველყოფენ „სამშენებლო ბლოკებს" ანთების საწინააღმდეგო ეიკოზანოიდების წარმოებისთვის, რომლებიც სასარგებლო გავლენას ახდენენ იმუნურ სისტემაზე.
ხოლო, მაგალითად, ქათმის კვერცხი მდიდარია ვიტამინებით A, E, D, K, B და ბეტა-კაროტინით, შეიცავს დიდი რაოდენობით მინერალებს, რკინას, მაგნიუმს, კალიუმს, კალციუმს, ისევე თუთიას, რომელიც ზრდის ლიმფოციტების წარმოებას, აფერხებს ვირუსების გამრავლებას და ამცირებს ინფექციის ხანგრძლივობას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო თვისებები.კვერცხი, ისევე როგორც ქათმის ხორცი, ასევე მდიდარია სელენით, რომლის მნიშვნელოვანი ფუნქციაა ძლიერი ანტიოქსიდანტის - ფერმენტის გლუტათიონ პეროქსიდაზის შექმნა, რომელიც იცავს ერიტროციტებს და უჯრედულ მემბრანებს თავისუფალი რადიკალების მავნე მოქმედებისგან.
ვირუსული დაავადებების დროს, ასევე ფასეულია პრობიოტიკების შემცველობის მქონე ფერმენტირებული რძის პროდუქტები, რომლებიც ააქტიურებენ ორგანიზმის თავდაცვის სისტემას. რძე პმჟავე პროდუქტი სასარგებლოა თავისი ცილებითა და ნახშირწყლებით, მდიდარია კალციუმით, კალიუმით, მაგნიუმით, რკინით, ფოსფორით, D, A, აგერთვე B ჯგუფის ვიტამინებით, ამინომჟავებითა და მიკროორგანიზმებით, რომლებიც გამოირჩევიან იმუნოსტიმულატორული ეფექტით.


პატივი ასევე უნდა მივაგოთ პოპულარულ ხალხურ მრწამსაც, რომელიც იმაზე მეტყველებს, რომ ვირუსული ეპიდემიის თარეშის დროს, კერძის მომზადებისას საჭიროა ნივრისა და ხახვის აქტიური გამოყენება. მართლაც, ოდითგანვე ცნობილი იყო, რომ ნიორი და ხახვი შეიცავენ ფიტონციდებს - მცენარეების მიერ წარმოქმნილ მქროლავ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც კლავენ ან აფერხებენ ბაქტერიების, მიკროსკოპული სოკოების ზრდას და განვითარებას. ისინი ასევე წარმოადგენენ სასარგებლო მინერალებისა და სელენის წყაროს. ხოლო სელენი, როგორც უკვე იცით, მონაწილეობს იმუნური კომპლექსების სინთეზის რეგულირებაში, ანტისხეულების წარმოქმნაში და აუცილებელია პოსტინფექციური იმუნიტეტის ფორმირებისათვის.


და დასკვნის სახით - რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიჩნიოთ, რომ ვირუსული დაავადებების გავრცელებას მეცნიერები ხსნიან მხოლოდ არასრულფსოვანი და არასრულყოფილი კვების რაციონის მიზეზებით. სხვა, არანაკლები და უფრო მნიშვნელოვანი, ობიექტური და სუბიექტური მიზეზიცაა მრავალი.ამავე დროს, ფართოდაა ცნობილია არა ერთი კვლევა, რომლიც ადასტურებს კვების პროდუქტებით მიღებული ვიტამინებისა და მინერალების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერებაში.


მაგრამ ეს არც იმას ნიშნავს, რომ ავყვეთ მასობრივ ფსიქოზს, თუ პანიკას, დაუყოვნებლივ გავქანდეთ სასურსათო მაღაზიებში, ან ბაზრებში და ყველაფრისგან დავცალოთ თაროები რათა შევიძინოთ სურსათის მრავალთვიანი მარაგი, შემდეგ კი ერთ დღეში ვჭამოთ მთელი კვირის ნორმა. პირიქით, გირჩევთ, რომ უმჯობესია არ დაგვავიწყდეს რაც ვიცით სურსათის უვნებლობის შესახებ და ვიზრუნოთ საჭმლის უვნებლობაზეც, რომელსაც ვიმზადებთ, რადგან ელემენტარული ნორმების დაუცველობამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ჩვენს ორგანიზმს, ან დაასუსტოს ის იმდენად, რომ ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს ნებისმიერი, მათ შორის კოროვირუსული დაავადებისათვის.

უკან
Write Close