რა კავშირშია კვების პროდუქტი ადამიანის ხასიათთან ?


უძველესი დროიდან ადამიანები ყურადღებას აქცევდნენ საკვები პროდუქტების თავისებურ კავშირს ადამიანის ბუნების თვისებებებთან. უკვე ძველმა ბერძნებმა განაცხადეს - "ჩვენ ვართ ის, რასაც ვჭამთ", სწორედ მათ აღნიშნეს პირველად, რომ საკვები გავლენას ახდენს არა მხოლოდ ადამიანის ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობაზე, არამედ მის ტემპერამენტზეც კი.


როგორც გვახსოვს, ჰიპოკრატემ (ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში. ძვ.წ.) აღწერა ადამიანის ოთხი სახის ტემპერამენტი, რომელიც, მისი აზრით, განისაზღვრება ორგანიზმში არსებული სითხით:

 

  • სანგვინიკური (sanguis, ლათინურიდან - სისხლი),
  • ქოლერიკული (ბერძნულიდან:chole - ნაღველი),
  • ფლეგმატური (ბერძნულიდან: phlegma - ლორწო) და
  • მელანქოლიური (ბერძნულიდან melaina chole - შავი ნაღველი).

 

რა თქმა უნდა, მან შემოთავაზებული გრადაცია განსაზღვრა წმინდა ფიზიოლოგიური გაგებით და არ უკავშირებდა მოსახმარებელ პროდუქტებს.


ზოგადად აღიარებული, ღრმად მეცნიერულად დასაბუთებული საკვები პროდუქტების ურთიერთკავშირი ადამიანის ტიპთან და მისი ხასიათის თვისებებთნა არ არსებობს - უფრო მეტიც, ეს ალბათ უფრო ცხოვრებისეული დაკვირვებისა და დასკვნების საგანია.


მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ფსიქოლოგისა და დიეტოლოგის აზრით, გემოს მიდრეკილებას ბევრი რამ შეუძლია მოგვითხროს ადამიანის ხასიათის თაობაზე და სხვადასხვა ტიპის ადამიანებს შეიძლება ვურჩიოთ კიდევაც პროდუქტების გარკვეული ასორტიმენტი.


ქოლერიკოს და სანგვინიკოს ადამიანებს შეიძლება გაეწიოთ რეკომენდაცია შემდეგი პროდუქტების თაობაზე:

კამა, დარიჩინი, ქინძი, ნიახური, გოგრისა და მზესუმზირის თესლი, შავი ქლიავი, ჩამიჩი, რევანდი, სოკო და ზეთისხილი;
ხილიდან - შავი ყურძენი, მსხალი, ტკბილი ვაშლი, ბროწეული, ანანასი, ლეღვი, ნესვი;

ბოსტნეულიდან - კომბოსტო (ბრიუსელის და ყვავილოვანი), მწვანე ბარდა, სატაცური, სალათის ფოთოლი, ყაბაყი, ახალი კარტოფილი, კიტრი, თალგამი, ისპანახი, ცოტა პომიდორი, პარკოსნები (მაგრამ არა ოსპი);

ფქვილეულ-ბურღულეულიდან - მაკარონის ნაწარმი, თეთრი და რუხი პური, მანანისა და შვრიის ფაფა, ბრინჯი, ქერი; ცხიმებისგან : ზეითუნის, სოიოს ზეთები, უმარილო კარაქი; რძის პროდუქტებიდან - ხაჭო და ძროხის რძე; ფრინველიდან - ინდაური, ბატი, ქათამი;

ხორციდან - საქონლის, ცხვრის ხორცი;

თევზეულიდან - ზღვის, ასევე ტბისა და მდინარის თევზი.
ფიზიკურად ჯანმრთელმა ქოლერიკოსმა ან სანგვინიკოსმა ადამიანებმა კვების რაციონში ასევე უნდა შეიყვანონ ხახვი და ნიორი (ძირითადად სალათებში, ვინეგრეტებში, კოტლეტებში), მაწონი, კეფირი, იოგურტი (მოცულობით - ერთი ჭიქა საღამოს), ძეხვი (რაც შეიძლება იშვიათად). ლიმონი (ჩაიში), ვაშლი (სასურველია მჟავე), სტაფილო (უმჯობესია სალათებში), საზამთრო (არც ისე უხვად), თაფლი (სასურველია ჩაითან). ასევე მიირთვან უპირატესად „გამაგრილებელი ეფექტის მქონე საკვები", კერძოდ, ბოსტნეული თბური დამუშავების გარეშე, თბილი და ცივი სუპები, ბოსტნეულისგან ან ხილისგან მომზადებული შეჭამანდები.


ფლეგმატური და მელანქოლიური ტიპის ადამიანებისთვის სასურველია: წითელი და შავი პილპილი, მიხაკი, კვლიავი, ჯანჯაფილი, ზაფრანა, დარიჩინი, დაფნის ფოთოლი, მდოგვი, ქიშმიში, პირშუშხა, მწვანე ჩაი, თხილი და ნიგოზი (ცოტა), რევანდი, ჩირი, ზეთისხილი (არა მრავლად), სოკო, ოხრახუში, ნიახური, ნიორი და ხახვი;
ხილიდან - ხურმა, კენკრა, ვაშლი, ბროწეული, მსხალი, ალუბალი, გარგარი;

ბოსტნეულიდან - ყვავილოვანი და ბრიუსელის კომბოსტო, ახალი კარტოფილი, სტაფილო, ყაბაყი, ბადრიჯანი, ისპანახი, ჭარხალი, ბოლოკი, ახალგაზრდა ბოლოკი, თალგამი, ოსპი, ბარდა;

ფქვილეულ-ბურღულეულიდან - მაკარონი, ფეტვის ბურღული, შვრიის ნამცხვარი (არა შვრიის ფაფა!), მანანის ფაფა, წიწიბურა (არა ძალიან ბევრი), სიმინდი, ბრინჯი (ცოტა);

ფრინველიდან - ქათამი; ხორციდან - დეკეულის, ცხვრის ხორცი, საქონლის ღვიძლი;

თევზეულიდან - ზღვის თევზი, ქაშაყი, (ნაკლებ დამარილებული) და ხიზილალა;

ცხიმებიდან - ნაღების უმარილო კარაქი, ერბო, მზესუმზირის, აგრეთვე სიმინდის ზეთი (არა უხვად); რძის, მ.შ. ფერმენტირებული პროდუქტებიდან - ჭყინტი ყველი, თხის რძე და ფეტა (გონივრულ ფარგლებში).


ადამიანის ტიპის,ხასიათის თვისებებისა და კვების პროდუქტებთან მათი კავშირის საკითხებში ბუნებრივი კვების იაპონური ასოციაციის ექსპერტები უფრო შორს წავიდნენ და შემოგვთავაზეს შესანიშნავი საკუთარი ფორმულირება: „მითხარი რას ჭამ და მე გეტყვით შენ ვინ ხარ." წლების განმავლობაში დაკვირვების შედეგად ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ მიდრეკილება კვების პროდუქტების მიმართ და რაციონი განაპირობებენ ადამიანის არა მხოლოდ ხასიათს, არამედ ცხოვრების წესსაც კი.


საერთოდ, ხომ ცნობილია, რომ ადამიანი ემოციურად ძირითადად აღიქვამს გემოს ტკბილ, მჟავე, მარილიან, მწარე, მწკლარტე და შემკვრელ (მწკლატრე) მახასიათებლებს.


მრავალმა დაკვირვებამ ცხადჰყო, რომ ადამიანები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ტკბილ გემოს, უმეტესწილად ძალიან ფაქიზი ბუნების, დაუცველი პიროვნებები არიან და ხშირად მათ გარე დაცვაც კი სჭირდებათ. ხოლო დღის მეორე ნახევარში ტკბილეულის გადაჭარბებულად მოყვარული ან უხვად მომხმარებელი ადამიანები წარმოადგენენ ისეთ კატეგორიას, რომელსაც არ ახასიათებს არსებული პრობლემების მოგვარებისკენ მისწრაფება, ისინი ამჯობინებენ სიზარმაცის მდგომარეობაში მუდმივ ყოფნას. თუმცა, ასევე ცნობილია, რომ, მაგალითად, შოკოლადის ზომიერი მოხმარება ხელს უწყობს ისეთი ჰორმონების გამომუშავებას, როგორიცაა ენდორფინები, რომლებიც ზრდიან სიხარულისა და მხიარულების განცდას, ამცირებენ ტკივილის, სტრესის, მწუხარების შეგრძნებას.
მწუხარე ადამიანებს ურჩევნიათ - მწარე, პესიმისტებს - მჟავე, მუდმივად დაძაბულებს - ჭარბად მარილიანი საკვები, ხოლო ჯიუტებსა და თავშეუკავებლებს - რაღაც ზედმეტად მწკლატრე.
ყურადსაღებია, რომ ფეთქებად, ბრაზიან, შეუწყნარებელ ადამიანებს ხიბლავს ცხარე საკვები, ამ კატეგორიის უმეტესობას ახასიათებს ავანტიურისტული მიდრეკილება, ისინი საკმაოდ ეგოისტურებიც არიან.


ხოლო გამოკვეთილ ავანტურისტებს, როგორც წესი, არ ახასიათებთ გემოვნების დახვეწილობა და ზედმეტი მომთხოვნელობა საკვების მიმართ.
იაპონელი ექსპერტების კიდევ ერთმა ჯგუფმა აგრეთვე გამოაქვეყნა პროდუქტების სია, რომლებიც (საკვების უპირატესობის მინიჭებიდან გამომდინარე), გავლენას ახდენენ ადამიანების მახასიათებლებზე და ქცევაზე.


- ვისაც ბოსტნეული ან ბოსტნეულის კერძი ურჩევნია, ენერგიული ხასიათი აქვს, ცნობისმოყვარე და ამბიციურია, ის დაჟინებით აღწევს დასახულ მიზნებს.
- ისინი, ვინც ხილს ანიჭებენ უპირატესობას, უმეტეს შემთხვევაში სამქისადმი შემოქმედებითი მიდგომა გააჩნიათ, მათთვის უფრო მიმზიდველია რაიმე ახლის მოფიქრება, ვიდრე კარიერის მწვერვალზე შებობღვა. გარეგნულად ისინი შეიძლება დაუდევრებად გამოიყურებოდნენ, როგორც წესი, არ ჩქარობენ გაამჟღავნონ საკუთარი ემოციები, საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში კი მორცხვობას ავლენენ.

- ხორცის მოყვარულთა უმეტესობა იმპულსურობით, არათანმიმდევრულობით, მაგრამ ამავდროულად არა ყოველთვის მიმზიდველი დაჟინებით გამოირჩევა, რომლის წყალობითაც თითქმის ყოველთვის აღწევს დასახული ამოცანების გადაწყვეტას. ასეთი ადამიანების მახასიათებელი ნიშნებია აგრესიულობა და ნერვიულობა. სხვა სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში სწორედ ხორცისმჭამელებს შორის ხვდებიან ეჭვიანი მესაკუთრეები.
- ვინც ზღვის პროდუქტებს ანიჭებს უპირატესობას, მას ახასიათებს სიმშვიდე, ის ძალიან სანდო, გაწონასწორებული და ძლიერი ნებისყოფის მქონეა.
- შემწვარი, ცხიმიანი საკვების მომხრეები - სიცოცხლის, მის ყველა შესაძლო გამოვლინებაში, მოყვარულები და მეტისმეტად კომუნიკაბელურები არიან.
- ვეგეტარიანელები და უბრალოდ მცენარეული საკვების მოყვარულები პრაგმატულები და შრომისმოყვარეები, გაწონასწორებულები და მშვიდები არიან.
- რძის პროდუქტები ურჩევნიათ ღია და კეთილმოსურნე ადამიანებს.

- ჯანსაღი კვების მოყვარულებს შორის საკმაოდაა ძალზე კატეგორიული და დაუთმობელი, წყენია და ეჭვიანი ადამიანი. მათ შეუძლიათ თავიანთი არსებობა უკიდურესად დაუმორჩილონ კვებისადმი ამ სახის დამოკიდებულებას. ამის შედეგად, მათში ხშირად უკიდურეს ფორმაშიც კი ვლინდება "ჯანსაღი კვებისკენ არაჯანსაღი მისწრაფება".


ჯანსაღ კვებაზე უსაზღვრო და ამოუწურავი ზრუნვა, ფსიქოლოგების აზრით, ხშირად გაუკუღმართებულ ხასიათსაც იძენს, გარდაიქმნება აკვიატებასა და ერთგვარ „კვებით ფეტიშიზმში", რომელსაც ნერვული ორთორექსია დაერქვა (ბერძნულიდან - სწორი მადა, სწორი კვება). ეს ტერმინი პირველად ამერიკელი მეცნიერის სტივენ ბრეტმენის წიგნში გაჩნდა, რომელმაც თავის ნაშრომს დაარქვა - „მიდრეკილება ჯანსაღი პროდუქტების მიმართ: როგორ დავძლიოთ სწორი კვებით აკვიატება".
ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ ორთორექსია წარმოადგენს ნერვული ანორექსიის ნაირსახეობას და რომ ამ სენის მქონეებს ახასიათებთ მღელვარების მაღალი დონე და ნებისმიერი სასიცოცხლო აქტივობის მუდმივი გაკონტროლების მოთხოვნილება.


რას იტყვით? ყოველივე ამის შემდეგ, რაც წაიკითხეთ, როგორია თქვენი აზრი: კვების პროდუქტების მიმართ მიდრეკილებებსა და უპირატესობებს შეუძლიათ განაპირობონ ადამიანის ბუნების თვისებები?

 

მზია გიგუაშვილი - პროფესიული სკოლა "ინტერსერვისი"-  ხელმძღვანელი

 

უკან
Write Close