სალვადორ დალის კულინარიული შედევრები

ასევე: ცნობილი ადამიანების კერძების კრებულები და ორიგინალური რეცეპტები.


ალბათ, ბევრს არ გაუკვირდება, რომ კულინარიით გატაცებული ყოფილა თურმე არა მხოლოდ სალვადორ დალი. მრავალი სხვა ცნობილი ადამიანიც ავლენდა სერიოზულ ინტერესს კერძების კრებულების ან ორიგინალური რეცეპტების შედგენის თვალსაზრით.


მაგლითად, ვარაუდობენ, რომ კულინარიის მიმართ ინტერესს იჩენდა ლეონარდო და ვინჩი. მაგრამ ზოგიერთი ცნობით, უპირატესობას ანიჭებდა ვეგეტარიანულ კერძებს. აგრეთვე, თურმე, მსოფლიოში ცნობილი წინასწამეტყველი ნოსტრადამუსი ყოფილა „კონფიტურების შესახებ ტრაქტატის" ავტორი.


ხოლო მე-19 საუკუნის საოპერო ხელოვნების მეტრი ჯოაკინო როსინი კულინარიული ხელოვნების ისტორიაში აღინიშნა საკუთარი კერძით „Turnedo a la Rossini".


კულინარიის საიდუმლოებებით გატაცებული მწერალი ალექსანდრე დიუმა კი თავისი შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევდა სამი ათასი რეცეპტისგან შემდგარი „დიდი კულინარიული ლექსიკონის" შექმნას. დიუმას აგრეთვე მოიხსენებენ „სალათი ა ლა დიუმა"-ს ავტორად. ნ.გოგოლიც მწერლობის გარდა დაკავებული იყო მაკარონისგან კერძის შედგენით, გარდა ამისა თხის რძისა და რომის გამოყენებით ის ამზადებდა სასმელს, რომელსაც „გოგოლ-მოგოლი"დაარქვა.


ხოლო, მაგალითად, უკვე ჩვენმა თანამედროვემ, ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ თავისი კულინარიული ამბიციები განაცხადა მის მიერ შედგენილი წიგნით "ჩემი სამზარეულო".


კულინარიით გატაცებულთა შორის არაერთი მსოფლიოში აღიარებული მხატვარიც იყო. მავანმა შესაძლოა იფიქროს - რა აქვს საერთო, ან შეხების რა წერტილები გააჩნია სახვით ხელოვნებასა და კულინარიას? მხატვრული ფორმებისა და ფერების უცნაური თამაში კერძების დიზაინში? თუ ელემენტარულად და უბრალოდ თვით მხატვრების კულინარული მიდრეკილებები? სინამდვილეში კი მხატვართა ინტერესი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ კულინარიული ვნებებით, იგი გამოიხატა ღრმა და ხანგრძლივი ინტერესით ამ სფეროს მიმართ.

მაგალითად, ფრანგული იმპრესიონიზმის ფუძემდებელი კლოდ მონე პირადად არ ამზადებდა საჭმელს, მაგრამ დიდი ენთუზიაზმითა და გატაცებით აგროვებდა იშვიათი და ტრადიციული კერძების რეცეპტებს. და ამ გატაცების შედეგად მის მიერ შედგენილი რეცეპტების კრებული სახელწოდებით "მონეს კულინარული წიგნი: რეცეპტები ჟივერნიდან " ("The Monet Cookbook: Recipes from Giverny") გამოსცა გამომცემელმა „პრესტელმა". მონეს აღნიშნული კრებული შეიცავდა 60 სხვადასხვა რეცეპტს.


ან ასეთი ფაქტიც, ბრწყინვალე მხატვრის, იმპრესიონისტისა და აღიარებული გურმანის ოგიუსტ რენუარის სუფრას ტრადიციუად აწვდიდნენ ცნობილი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის პოლ სეზანის რეცეპტით მომზადებულ, სანელებლებით გაჯერებულ შემწვარ-დაბაწულ პომიდორს.
ხოლო ფრანგი პოსტიმპრესიონისტი-მხატვარი ანრი ტულუზ-ლოტრეკი სტუმრებს თვითონ უმზადებდა ცხვრის ბარკალს სხვადასხვა სანელებლებით და უმასპინძლდებოდა მის მიერ შედგენილი კოქტეილით „ჟრუანტელი".


კულინარიით გატაცებაში გამონაკლისს არ წარმოადგენდა არც მსოფლიოში აღიარებული სიურეალისტი მხატვარი სალვადორ დალი. გარდა სახვითი ხელოვნებისა და ათასნახევარზე მეტი უნიკალური შედევრის შექმნისა, მას რეალურად ხიბლავდა სამზარეულო, იტაცებდა ორიგინალური კერძების გამოგონებაც.


და ეს გატაცება არ იყო შემთხვევითი, ის სავსებით ლოგოკური და ბუნებრივი ყოფილა. ავტობიოგრაფიულ წიგნში „სალვადორ დალის საიდუმლო ცხოვრება, მოთხრობილი თავად მის მიერ" მხატვარმა გულწრფელად აღიარა: „როცა ექვსი წლის ვიყავი მსურდა მზარეული გავმხდარვიყავი. შვიდი წლის ასაკში კი - ნაპოლეონი. მოგვიანებითაც ჩემი ამბიცია იზრდებოდა არანაკლებ, ვიდრე ლტოლვა დიდებისკენ". ნაპოლეონი ის, ალბათ, ვერ გახდებოდა, ხოლო ცნობილ მზარეულად - სავსებით.


სალვადორ დალის მიაჩნდა, რომ მის ახდენილ ოცნებად იქცნენ არა მხოლოდ სიურეალისტური, მხატვრული შედევრები, არამედ კულინარიული ხელოვნების ნაწარმოებიც - უნიკალური კულინარიული წიგნი "Les Diners de Gala", რომელიც მან გამოსცა რამდენიმე ფრანგ მზარეულთან თანამშრომლობით. წიგნი შედგება 322 გვერდიიან და შეიცავს 136 რეცეპტს. გარკვეული გაგებით, იგი იქცა სალვადორ დალის კიდევ ერთ შედევრად.
საიდან გაჩნდა ამ წიგნის სათაური?


ამ კითხვაზე პასუხი არ უნდა ვეძებოთ სალვადორ დალისთვის დამახასიათებელ სიურეალისტურ სიმაღლეებში. ყველაფირი უფრო ცხადია - ის აღმერთებდა თავის მეუღლეს გალას, რომელიც წარმოადგენდა მისი მრავალი შედევრის მუზას. ამ შემთხვევაშიც, სახელწოდებით "Les Diners de Gala", მან მიუძღვნა წიგნი თავის მეყღლეს. პირდაპირ თარგმანში დასახელება ჟღერს როგორც "გალას სადილები" ან "გალა-სადილი".


წიგნის შესავალ სიტყვაში დალიმ საკმაოდ გულმართალად აღიარა, რომ: „... ყველა რეცეპტი, მისი აღწერილობითა და ილუსტრაციით, ეძღვნება გემოვნებით სიამოვნებას. ამიტომაც ნუ ეძებთ აქ დიეტურ კერძებს. ჩვენ განზრახ უგულებელვყავით დიაგრამები და ცხრილები, რომლთა მეშვეობით ქიმია ცვლის გასტრონომიას. და თუ თქვენ ხართ კალორიების ერთ-ერთი დამთვლელი, რომელიც ჭამის სიხარულს აქცევს სასჯელის თავისებურ ფორმად, მაშინვე დახურეთ ეს წიგნი; თქვენთვის ის მეტად ცოცხალი, აგრესიული და გაბედულია".


დალის კულინარიული წიგნის რეცეპტურა არ არის წარმოდგენილი ტრადიციულ და სტერეოტიპულ სტილში, როგორიც დომინირებდა მაშინ - ინგრედიენტები, მომზადების მეთოდი, შედეგი. გარდა ამისა თითოეული რეცეპტი შემკობილია ავტორის მახვილგონივრული შენიშვნებით.


ამის გამო, მზარეულთა წრეებში განთქმული გახდა , მაგალითად, მხატვრის რემარკა ისპანახის თაობაზე: „მე მსურს ვჭამო მხოლოდ ის, რასაც აქვს მკაფიო და გასაგები ფორმა და მძულს საზიზღარი, ღირსების დამამცირებელი ბოსტნეული, რომელსაც ისპანახი ჰქვია. ის ისეთივე უფორმო და განუსაზღვრელია, როგორიცაა თავისუფლება"


ამგვარი მიდგომების გამო «Les Diners de Gala» სხვა კულინარიული წიგნების მოსაწყენი ტრადიციისგან განსხვავებით შეიცავს ეგზოტიკური კერძების მრავალ რეცეპტს, მათ შორის, მაგალითად, " ფარშევანგი - მეფურად" ან "ათას წლიანი კვერცხი -ჩინურად".


წიგნში 12 განყოფილებაა. მათ გადახედვისას შეხვდებით ნამდვილად უჩვეულო, დალისთვის დამახასიათებელ, სიურეალისტური სტილის დასახელებებს:
1. ეგზოტიკური კერძები Les caprices pincés princiers - (მეფური მანჭია კაპრიზები)
2. კვერცხი და ზღვის პროდუქტები Les cannibalismes de l'automne - (შემოდგომის კანიბალიზმი)
3. პირველი კერძები Les suprêmes de malaises lilliputiens - (უმაღლესი ლილიპუტური სიამოვნებები)
4. ხორცი Les entre-plats sodomisés - ( (სოდომიზებული საუზმეები)
5. ლოკოკინები - ბაყაყები Les spoutniks astiqués d'asticots statistiques - (სტატიკური ლიფსიტების გაპრიალებული თანამგზავრები)
6. თევზი და ზღვის პროდუქტები Les panaches panachés - (ჭრელი პლუმაჟები)
7. გარეული და შინაური ფრინველი Les chairs monarchiques - (მონარქიის სხეული)
8. ღორის ხორცი Les montres molles 1/2 sommeil - (სანახევრო ძილის რბილი საათები)
9. ბოსტნეული L'atavisme désoxyribonucléique - (დისოქსირიბონუკლეური ატავიზმი)
10. აფროდიზიაკები "Je mange GALA" - (მე ვჭამ გალას)
11. ტკბილეული-დესერტები Les pios nonoches - (შუაღამის ვნებები)
12. საუზმეულები Les délices petits martyrs - (მცირე ცოდვილი სიამოვნებები)


აღნიშნული განყოფილებებიდან განსაკუთრებით ექსტრავაგანტულად გამოიყურება მე-10 თავი - „მე ვჭამ გალას". ის ეძღვნება აფროდიზიაკებს - პროდუქტებს, რომლებსაც შეუძლია სიყვარულის ვნების გაძლიერება. აღნიშნული თავის ყველა ილუსტრაცია შოკისმომგვრელია, ექსცენტრიული და გულწრფელია, როგორიცაა თავად სალვადორ დალი.


წიგნი «Les Diners de Gala» ღირებულია იმითაც, რომ სალვადორმა საკუთარი ხელით მოახდინა მისი ილუსტრირება. ფერწერის ექსპერტების უმეტესობას მიაჩნია, რომ თითოეული რეცეპტის ილუსტრაცია უდაოდ უნდა ჩაითვალოს ხელოვნების ცალკე ნიმუშად.


აგრეთვე, განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ "Les Diners de Gala" არ იქცა დალის კულინარიული ფანტაზიების წიგნად და მის მიერ შექმნილი ყველა კერძი მზადდებოდა პარიზის საუკეთესო რესტორნებში - Lasserre, La Tour d'Argent, Maxim's და Le Train Bleu.

უკან
Write Close