გსურთ დაიკავოთ შეფ-მზარეულის თანამდებობა?

მაშინ მოემზადეთ დამსაქმებელთან შეხვედრისა და გასაუბრებისთვის...

ერთი შეხედვით, ზოგიერთისთვის საკითხის ამგვარად დასმა შეიძლება მოულოდნელადაც მოგვეჩვენოს. სინამდვილეში კი გასაუბრება ნამდვილად მნიშვნელოვანი ეტაპია ნებისმიერ პოზიციაზე დასაქმების პროცესში.

უპირველეს ყოვლისა, მომავალმა შეფ-მზარეულმა უნდა გაითვალისწინოს, რა თემებს შეიძლება შეეხოს საუბარი, რა მოთხოვნები შეიძლება წამოუყენონ ვაკანტურ თანამდებობაზე მსურველს და როგორ უპასუხოს დამსაქმებლის მიერ დასმულ შეკითხვებს.

როგორც წესი, გასაუბრებაზე მიდიან შეფ-მზარეულები, რომლებმაც იციან ხორცის, თევზის, ფრინველისა და ბოსტნეულისგან სხვადასხვა სახის კერძების მომზადება. თუმცა, სამწუხაროდ, ყველა მათგანს არ აქვს საკმარისი ცოდნა სამუშაო ადგილის სწორად ორგანიზების, არ ფლობს სათანადო დონეზე კულინარიული პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიის თეორიულ საფუძვლებს ან არ გააჩნია უახლესი ტექნოლოგიური დანადგარებისა და სამზარეულოს აღჭურვილობის გამართულად გამოყენების უნარი.

მაგრამ თუ გაგაჩნიათ საკმარისი ცოდნა და უნარები, თამამად შეგიძლიათ დამსაქმებელთან გასაუბრებაზე მისვლა. ამავდროულად უნდა გაითვალისწინოთ, რომ კომპანიების ნაწილში უკვე დასაქმებულები არიან ახალგაზრდები, რომლებიც ასევე ოცნებობენ შეფ-მზარეულის კარიერაზე. მიუხედავად ამისა, თქვენ ნამდვილად შეძლებთ მათთვის კონკურენციის გაწევას.

პირველ რიგში გირჩევთ — ყოველთვის თქვათ სიმართლე, რადგან უმცირესმა ტყუილმაც კი შეიძლება გამოიწვიოს უნდობლობა!

ამ პუბლიკაციაში ვეცდები დეტალურად აღვწერო ინტერვიუს დროს წამოჭრილი თითოეული თემა და ყველაზე ხშირად დასმული კითხვები, რათა თქვენ თამამად გასცეთ პასუხი და დარწმუნებული იყოთ თქვენს კომპეტენციაში.

ასე რომ, დავიწყოთ...

1. როგორ მოხვდით ამ პროფესიაში?

ეს ხშირად პირველი კითხვაა. საპასუხოდ, რა თქმა უნდა, უნდა აჩვენოთ თქვენი დაინტერესება პროფესიით და გაუზიაროთ გარემოებები — როგორ, რა ვითარებაში და რატომ მოხვედით აღნიშნულ სფეროში. შეგიძლიათ ზედმეტი მოკრძალების გარეშე, გულწრფელად და ფერადად მოუყვეთ თქვენი ლამაზი ისტორია.

2. რაში გამოიხატება თქვენი უპირატესობა და ძლიერი მხარეები?

ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სხვადასხვა კუთხით ხშირად დასმული შეკითხვაა. შთამბეჭდავ პასუხად ჩაითვლება, თუ აღწერთ საკუთარ უნარს, იყოთ სასარგებლო კომპანიისთვის როგორც უშუალოდ შეფის პოზიციიდან, ისე ყველაზე არაორდინალურ სიტუაციებშიც: მაგალითად, პირადად შეასრულოთ ფუნქციები ან მოვალეობები მრავალფეროვან პოზიციებზე, მათ შორის იყოთ შეფის თანაშემწე ან თუნდაც დამხმარე მზარეული.

3. მოგვიყევით თქვენ შესახებ

ერთი შეხედვით, ეს ყველაზე მარტივი კითხვაა თქვენთვის შეთავაზებულთა შორის. მას, როგორც წესი, უსვამს ყველა რესტორატორი შეფ-მზარეულის თანამდებობის მსურველს, მიუხედავად იმისა, მიიღო თუ არა თქვენი რეზიუმე. ამიტომ წინასწარ მოამზადეთ საკუთარი მინი-პრეზენტაცია შემდეგი წესების დაცვით:

  • დაიწყეთ განათლებით (პროფესიული, საშუალო სპეციალური, უმაღლესი), შემდეგ განაგრძეთ კვალიფიკაციის ამაღლების კურსებითა და ინდივიდუალური პროფესიული კომპეტენციების ტრენინგებით;

  • მოუყევით თქვენი სამუშაო გამოცდილების შესახებ (გაუზიარეთ ინფორმაცია მნიშვნელოვან ობიექტებში მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ; არ არის საჭირო დეტალურად აღნიშნოთ, რომელ წელსა და რომელ თვეში მუშაობდით თითოეულ პროექტში);

  • შემდეგ შეუფერხებლად გადაიტანეთ საუბარი თქვენს უპირობო კოზირებზე (მაგალითად, ყველაზე წარმატებულ პროექტებში თქვენი მონაწილეობის შესახებ კულინარიის ზუსტად იმ მიმართულებით, რომელიც ესაჭიროება თქვენს პოტენციურ დამსაქმებელს ახალ პროექტში. ასევე შეგიძლიათ მოკლედ მოუყვეთ სტაჟირებაზე, რომელიც ემთხვევა დამსაქმებლის ინტერესებს და რომელიც გაიარეთ ცნობილ შეფ-მზარეულებთან — რა თქმა უნდა, თუ გაქვთ ასეთი გამოცდილება).

4. გაგაჩნიათ სპეციალური პროფესიული მომზადება?

ზოგიერთი რესტორნისთვის დაქირავებისას მზარეულის „დიპლომის" ან „სერტიფიკატის" არსებობა ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. თუმცა თქვენ უნდა აჩვენოთ, რომ ნამდვილად მიიღეთ განათლება და არა მხოლოდ სერტიფიკატი, და ისწავლეთ პროფესიონალურად მუშაობა.

ამიტომ, თუ არ გაქვთ სპეციალური პროფესიული განათლება, შეგიძლიათ ისაუბროთ თქვენს სამუშაო გამოცდილებაზე და ცნობილი შეფ-მზარეულებისგან მიღებულ ცოდნაზე, რომლებიც გასწავლიდნენ მზარეულად მუშაობის განმავლობაში.

5. მოგვიყევით წინა სამუშაო ადგილების შესახებ

  • დაასახელეთ ობიექტები, სადაც გიმუშავიათ;

  • მუშაობის პერიოდი;

  • სამუშაო ადგილიდან წასვლის მიზეზი;

  • რომელ შეფ-მზარეულებთან მუშაობდით.

6. თუ დასაქმებული ხართ, რატომ გსურთ ამჟამინდელი სამუშაო ადგილის შეცვლა?

ეს საკმაოდ ნატიფი და, შეიძლება ითქვას, ძალიან სახიფათო კითხვაა. ჩემი რჩევაა — გასაუბრებისას თქვათ სიმართლე:

  • თვეების განმავლობაში არ გიხდიდნენ (ან მუდმივად აგვიანებდნენ) ხელფასს? — მოყევით ამის შესახებ.

  • არ გიზრდიდნენ ანაზღაურებას, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად მუშაობდით პროფესიონალიზმის დონის ამაღლებაზე, მონაწილეობდით გამოფენებში? ნუ იქნებით უსაფუძვლო — მოუყევით ობიექტის იმ კონკრეტული ინდიკატორების შესახებ, რომლებიც გაუმჯობესდნენ თქვენი ძალისხმევის შედეგად (მათ შორის შემოსავლების ზრდა), მაგრამ ეს ძალისხმევა არ შეფასდა არც მორალურად და არც ფინანსურად.

  • შეფ-მზარეულის პოზიციის დატოვების ხშირი მიზეზია აგრეთვე პროფესიული ზრდისთვის პირობების არარსებობა.

  • გარდა ამისა, ხშირად ხდება, რომ რესტორატორი ძალიან იშვიათად ან, პირიქით, არაგონივრულად ხშირად ცვლის ობიექტის მენიუს, ამავდროულად არ ითვალისწინებს შეფ-მზარეულის ყველაზე გონივრულ წინადადებებს ინოვაციების შესახებ და ა. შ.

როგორც მომავალი დაწესებულების შეფ-მზარეულმა და სამზარეულოს ხელმძღვანელმა, მშვიდად, მოკლედ და ზედმეტი ემოციების გარეშე უნდა უპასუხოთ პოტენციური დამსაქმებლის ამ და სხვა მსგავს კითხვებს.

7. რატომ გსურთ ჩვენთან მუშაობა?

ამ კითხვაზე პასუხი, რა თქმა უნდა, ორიგინალური ან დასაბუთებული უნდა იყოს. წარმოგიდგენთ 4 პასუხს, რომლებიც სავარაუდოდ მოეწონება პოტენციურ დამსაქმებელს (უბრალოდ უპასუხეთ მოკლედ და კონკრეტულად):

  • მოგხიბლათ ობიექტის „საინტერესო პროექტმა (ან კონცეფციამ)" — ახსენით, რატომ ხართ დაინტერესებული. მოუყევით თქვენი იდეების შესახებ შესაბამისი ასორტიმენტისა და მენიუს შესახებ და ასევე შესთავაზეთ რამდენიმე კერძი, რომელიც პოტენციურ ჰიტად შეიძლება იქცეს კონკრეტულად ამ ობიექტისთვის;

  • „მსურს ვიმუშაო პროფესიონალთა ძლიერ გუნდში" — ეს არგუმენტი უნდა იყოს დასაბუთებული. რა თქმა უნდა, ეს ესიამოვნება ნებისმიერ რესტორატორს ან რესტორნის მენეჯერს, მაგრამ თუ ამას უამბობთ დამწყებ მეწარმეს, ის თქვენს სიტყვას შეაფასებს როგორც ტყუილს, ხოლო აშკარა ტყუილმა ჯერ არავის უშველა;

  • არგუმენტად შეგიძლიათ მოიყვანოთ „სურვილი, უფრო ეფექტურად გამოიყენოთ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება", რომელიც შეიძინეთ სტაჟირების დროს, ან, მაგალითად, დაეუფლეთ საინტერესო კერძების მომზადებას სადმე საზღვარგარეთ, მასტერკლასზე, გამოფენაზე და ა. შ.;

  • თუ იტყვით, რომ „გსურთ დაეუფლოთ ახალ ცოდნასა და გამოცდილებას", ეს ერთი მხრივ გახასიათებთ როგორც ცნობისმოყვარე პიროვნებას, რომელიც მზად არის ინოვაციებისა და ცვლილებებისთვის. ასევე შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზეც, რომ გეგმავთ მუშაობას აღიარებულ ბრენდ-შეფთან და რომ ცოდნა-უნარის გაღრმავებას აპირებთ პროფესიონალისგან, რომელთანაც ოცნებობთ ერთ სამზარეულოში მუშაობაზე.

8. რა საქმიანობას გეგმავთ 5 წლის შემდეგ?

არ გირჩევთ ისეთი პასუხის გაცემას, როგორიცაა: „მე ვგეგმავ საკუთარი რესტორნის გახსნას". რა თქმა უნდა, ეს სურვილი მშვენიერია! მაგრამ დადგით თავი რესტორატორის ადგილას — მიანდობს ის თავისი საწარმოს მომავალს იმ შეფს, რომელიც გამოცდილების შეძენის შემდეგ საკუთარ, კონკურენტულ ბიზნესში გადაინაცვლებს? ასევე სრულიად მიუღებელია, თუ არ იცით პასუხი კითხვაზე თქვენი გეგმების შესახებ მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში. ამიტომ სასწრაფოდ დაფიქრდით, რათა უპასუხოთ პოტენციურ დამსაქმებელს ისე, რომ კიდევ ერთი პლიუსი მიიღოთ თქვენს სასარგებლოდ.

მაგალითისთვის: „ვგეგმავ პროფესიულ განვითარებას (სტაჟირების გავლას ...თან, ან სხვა ქვეყნების სამზარეულოების შესწავლას... და ა. შ.)".

9. რა მავნე ჩვევები გაგაჩნიათ? (მიუთითეთ თქვენი სუსტი მხარეები)

კარგად გაიაზრეთ პასუხი და მიუთითეთ დასაშვები ნაკლოვანებები. როგორც ყოველთვის, მოგიწოდებთ იყოთ გულწრფელი, ამიტომ თუ არსებობს რამ, რაზეც დამსაქმებელი უნდა წინასწარ აფრთხილოთ, აუცილებლად გააკეთეთ ეს.

თუ ვერ მოიფიქრეთ, რა თქვათ, ილუსტრაციის სახით გთავაზობთ 2 მაგალითს. ერთ-ერთი შესაძლოა მოგერგოთ თქვენც — გამოიყენეთ იგი:

  • მაგალითად, მოწევა მავნე ჩვევაა? ამიტომ, თუ ეწევით, აუცილებლად აცნობეთ დამსაქმებელს ამის შესახებ;

  • ან, ისევ მაგალითისთვის, პერფექციონიზმი — ანუ არაყოველთვის გონივრულად მაღალი მოთხოვნა საკუთარი თავისა და ქვეშევრდომების მიმართ, რომელიც არ იქცევა დაბრკოლებად, მაგრამ შეიძლება ქმნიდეს მოკლევადიან პრობლემებს ურთიერთობებში, რომლებსაც თქვენ თვითონვე აგვარებთ. განმარტეთ დეტალურად, რაში და როგორ გამოიხატება თქვენი მოთხოვნების სიმკაცრე;

  • ან იქნებ სხვა რამე გახასიათებთ?

10. როგორია თქვენი მოლოდინი ხელფასთან დაკავშირებით?

შეისწავლეთ შრომის ბაზარზე არსებული ხელფასის შეთავაზებები. ამგვარად გაიგებთ, რა დონის ანაზღაურებას სთავაზობენ ამჟამად თქვენი დონის სპეციალისტებს, და თავდაპირველად მოერგეთ ამ ჩარჩოს.

11. მზად ხართ ზეგანაკვეთური მუშაობისთვის?

დააზუსტეთ, რამდენად ხშირია შესაძლო ზეგანაკვეთური მუშაობა და აქვე დააზუსტეთ, ანაზღაურდება თუ არა ეს დრო, გათვალისწინებულია თუ არა ბონუსები ან სამუშაო საათების გადაანგარიშება, ითვალისწინებენ თუ არა ხარჯების კომპენსაციას, მაგალითად, ღამის ტაქსის მომსახურებისთვის, ან გააჩნიათ სხვა სახის შეთავაზებები.

ყოველივე ამის შემდეგ, თითქმის ყოველთვის ხდება პრაქტიკული გამოცდაც — საბაზისო ტექნიკების ცოდნის დასადგენად ან სამუშაო ადგილზე შეფასებისთვის. ასევე შესაძლებელია 1-3 დღიანი სტაჟირება სამზარეულოში.

გაითვალისწინეთ, რომ 2023 წელს მოსალოდნელია მონოკონცეფციების განვითარების მორიგი ბუმი და, ობიექტის ფორმატიდან გამომდინარე, ყველა შეფ-მზარეულს მოეთხოვება ცოდნა კონკრეტულ პროდუქტთან მუშაობის ტექნიკებთან დაკავშირებით. მაგალითად, თევზის რესტორანში შეფასდება თევზის დამუშავების სისწრაფე, პროცედურის სისწორე, პროდუქციის უვნებლობა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და სამუშაო ადგილის სისუფთავე მუშაობის დროს.

და ბოლოს, კიდევ რამდენიმე კითხვა, რომელიც შეიძლება დაგისვან შეფ-მზარეულის პოზიციაზე გასაუბრებისას...

  • როგორია თქვენი ყველაზე დიდი მიღწევები ცხოვრებაში და საქმიანობაში?

  • გაქვთ საკუთარი პროფესიონალური დანები?

  • გიყვართ კერძების მომზადება?

  • მუშაობის პროცესში გქონიათ რთული სიტუაციები და როგორ აგვარებდით მათ?

  • როგორ წარმოგიდგენიათ შეფ-მზარეულისა და მზარეულების სამუშაო დღე?

  • რამდენი დრო დაგჭირდებათ სახლიდან სამსახურში მისასვლელად?

  • და ა. შ. — თქვენ მზად უნდა იყოთ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად.

გაითვალისწინეთ: თუ გსურთ გახდეთ წარმატებული და მოთხოვნადი შეფ-მზარეული, მოგიწევთ ბევრი შრომა, ხშირად დღეში 10-12 საათი. უნდა იყოთ დარწმუნებული საკუთარ თავში და საქმიანობაში, რათა მიაღწიოთ მაღალ შედეგს. ამისთვის უნდა იყოთ გაბედული და აკეთოთ არა მხოლოდ ის, რაც გსურთ, არამედ ის, რაც საჭიროა. და კიდევ ერთი... აუცილებლად უნდა გიყვარდეთ თქვენი საქმე, რათა ის განიჭებდეთ სიამოვნებას — ეს სიყვარული გამოიხატება საქმისადმი, მის შედეგებისადმი და იმაში, თუ როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი სხვა ადამიანებზე.

წარმატებებს გისურვებთ!

მზია გიგუაშვილი